weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

ოპოზიციამ 1500 საარჩევნო უბნის გადათვლაზე უარი თქვა – კალაძე

18:58 შაბათი, 14 ნოემბერი 2020

„ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ბრიფინგი გამართა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის დაწყებულ მოლაპარაკებებთან დაკავშირებით. როგორც კალაძე ამბობს, „ქართულმა ოცნებამ“ ოპოზიციურ პარტიებს 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგების გადამოწმების ორი ფორმა - ბიულეტენების გადათვლა და ვიდეო-ჩანაწერების ნახვა შესთავაზა, თუმცა მათ ამაზე უარი თქვეს.

„ჩვენ ოპოზიციას შევთავაზეთ გადაგვეთვალა კონკრეტული უბნები, სადაც ისინი კითხვის ნიშნებს სვამდნენ. საუბარია 1500 უბანზე, სადაც ISFED-საც ჰქონდა გარკვეული მინიშნებები. ისინი ხომ საუბრობენ გაყალბებაზე, აქ ვართ ყველანი – ის არასამთავრობო ორგანიზაციები, პარტიები – მივიდეთ, გავხსნათ ეს უბნები და ყველაფერი გამოჩნდება. სამწუხაროდ, როგორც ჩანს, მათი მიზანი მხოლოდ და მხოლოდ დესტრუქციაა“, – განაცხადა კალაძემ.

კალაძის თქმით, შეთანხმებული წესების მიხედვით, აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მიმდინარე მოლაპარაკებების საკითხები ამ ეტაპზე არ უნდა გახმოვანებულიყო, თუმცა ოპოზიციის წარმომადგენლები საჯაროდ საუბრობენ, რომ ხმების გადათვლაზე არ თანხმდებიან.

„ჩვენც ვადასტურებთ, რომ მათ უარი განაცხადეს შედეგების გადამოწმების ორივე ფორმაზე – ბიულეტენების გადათვლაზე და ვიდეო-ჩანაწერების ნახვაზე, რომელიც გამორიცხავდა სპეკულაციებს ე.წ. კარუსელებზე.

როგორც ჩანს მათი ინტერესი არ არის სიმართლის გარკვევა და ურჩევნიათ მათივე მოდელირებული, გამოგონილი, გაყალბებული არჩევნებით ივაჭრონ. ვიტოვებთ იმედს, რომ მათი რადიკალური და უსაფუძვლო პოზიცია შეიცვლება და დიალოგი ქვეყნისთვის პოზიტიური შედეგებით დასრულდება“, – განაცხადა კალაძემ.

„ქართული ოცნების“ გენერალური მდივნის თქმით, არავინ აპირებს ისე წარმართოს პოლიტიკური დიალოგი, რომ „ქართული ოცნების“ ამომრჩევლების მხარდაჭერა ვინმემ მეორეხარისხოვნად მიიჩნიოს.

„ქართული ოცნება“ არ განიხილავს ქართველი ხალხის მიერ თავისუფალ არჩევნებში გამოხატული ნების კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენებას, ხელახალ არჩევნებს ან მსგავს საკითხებს.

არავის უნდა დაავიწყდეს, რომ პატივი უნდა ვცეთ თითოეულ ამომრჩევლის არჩევანს, რომელიც გამოიხატა, როგორც ოპოზიციური პარტიების, ისე „ქართული ოცნების“ მხარდაჭერაში. პანმდემიის უმძმეს პირობებში, პარტიების მიმართ საკუთარი ნება 2 მილიონამდე ამომრჩეველმა გამოხატა, საიდანაც მილონამდე ამომრჩეველმა მხარი „ქართულ ოცნებას“ დაუჭირა“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებსა და „ქართული ოცნებას“ შორის მოლაპარაკებების მეორე რაუნდი დღეს, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩების შუამავლობით გაიმართა.

„ჩვენი პოზიცია რჩება უცვლელი იმის თაობაზე, რომ უნდა დაინიშნოს ახალი არჩევნები. სხვა გამოსავალი ქვეყანას არ აქვს. ხმების გადათვლაზე საუბარი იყო წინა შეხვედრაზე, რასაც ჩვენ არ დავთანხმდით, მაგრამ მათ წუხელ შეკრიბეს ცენტრალური საარჩევნო კომისია და შეაჯამეს შედეგები, რამაც აზრი გამოაცალა გადათვლის პერსპექტივასაც კი. შეხვედრაზე თალაკვაძემ თქვა ის, რაც დაავალა ბიძინამ“, – განაცხადა „ლეიბორისტული პარტიის“ ლიდერმა შალვა ნათელაშვილმა.

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერის, გიორგი ვაშაძის თქმით, ოპოზიციას აქვს მოლოდინი, რომ მოლაპარაკებების შემდეგ რაუნდზე ხელახალი არჩევნების თარიღზე იქნება საუბარი.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]